logo
ENG



კობახიძე უნივერსიტეტებში გამართულ პროტესტს "ფაშისტურ კამპანიას" უწოდებს

14 მარ 202311:51
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე უნივერსიტეტებში გამართულ პროტესტს "ფაშისტურ კამპანიას" უწოდებს

ირაკლი კობახიძე შეშფოთებულია მოვლენებით, რომელიც უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიმდინარეობდა და მათ "ფაშისტურ კამპანიას' უწოდებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კობახიძის სტუდენტებმა რუსული კანონი და კანონპროექტებისადმი კობახიძის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო სივრცეში გააპროტესტეს.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა.

აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს.

შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა", - აცხადებს ის.

11 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს აუდიტორიასთან, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს. მშვიდობიანი აქციის მოწყობა სტუდენტებმა წინა დღით დააანონსეს, თუმცა კობახიძემ ლექციები გააუქმა და მომდევნო დღეს უნივერსიტეტში არ მივიდა.


close დახურვა